DAAD-ის სრული სტიპენდია მომავალი წარმატებისთვის!

18 ოქტომბერი 2013 წელი

DAAD-ის სრული სტიპენდია მომავალი წარმატებისთვის!

საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის გერმანიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოს სკოლებში გერმანული ენის შესწავლას ინტენსიურად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი საქართველოში უკვე 19 წელია, რაც არსებობს. მოსწავლეებს გერმანულ ენას მე-2 ან მე-3 კლასიდან ასწავლიან, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი პედაგოგები. 

მათ გერმანიის უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სრული სტიპენდია ენიჭებათ. (19 წლის განმავლობაში ამ სტიპენდიით 32-მა მოსწავლემ ისარგებლა). 

აღნიშნული პროექტი ამიერკავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, აზეირბაჯანს და სასომხეთს მოიცავს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ”საზღვარგარეთის ქვეყნების სასკოლო სწავლების ცენტრი” ZFA-ს გერმანული ენის დიპლომი უკვე 40 წელია მსოფლიოს მასშტაბით სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროექტს ახორციელებს. პროექტს გერმანული მხარე აფინანსებს. ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო უწევს. 

როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანგელა შმიდტმა გვითხრა, მათ შესახებ ინფორმაცია ქართულ მედია საშუალებებში არ გაჟღერებულა, Aris.ge–განათლება ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ ანგელა შმიდტთან. 

ვის შეუძლია ამ პროექტში მონაწილება და მომავალში რა პერსპექტივები აქვთ ენის დიპლომის მქონეებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ჩვენი რესპოდენტი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როგორც მასწავლებელი ჩამოვიდა და სამი წელი იმუშავა. ამჟამად, ZFA-ს კონსულტანტ-კოორდინატორია. 

ქალბატონო ანგელა, აღნიშნულ პროექტში რამდენი სკოლაა ჩართული? 

6 სკოლა. თუმცა, კიდევ ორი სკოლა მოსამზადებელი სამუშაოს პროცესშია. ჩვენი პროექტის პირობების თანახმად, სკოლაში, რომელიც ამ პორექტში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, გერმანული ენის სწავლებას მე-2 ან მე-3 კლასიდან იწყებენ. 

სკოლები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?

ეს ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ზოგადად, კრიტერიუმები 40 წელია, რაც დადგენილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომ სკოლაში ბავშვების საკმარისი რაოდენობა იყოს, რომელსაც გერმანული ენის სწავლის სურვილი ექნება. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენი პროექტის მიზანი არამხოლოდ გერმანული ენის შესწავლაა, არამედ ვცდილობთ, მაღალი დონეს მივაღწიოთ. მოხარულები ვართ, რომ ბევრ ჩვენს მოსწავლეს ძალიან კარგი შედეგები აქვს. გრძელვადიანი პროექტი გვაქვს და შედეგები რამდენი წლის შემდეგ გვაქვს.

ამ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს რა პერსპექტივები აქვთ? 

ყველაზე მაღალი დონე, რაც უცხოლებს მოეთხოვებათ, რაც შეიძლება ბევრი ”С-1” ან „B-2“ დონის მიღწევაა. რასაც ჩვენი მოსწავლეები მე-12 კლასის დასასრულს აღწევენ. რა თქმა უნდა, ყველა წარმატებით ვერ აბარებს. ეს არის სერთიფიცირებული გამოცდა, დიპლომი აღიარებულია და მუდმივი. საგამოცდო დავალებებს გერმანიაში, სპეციალური კომისია ადგენს. მოსწავლეებს ნამუშევრებსაც ასევე, გერმანიაში ასწორებენ. მოსწავლე, რომელიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, ენის დიპლომს მიიღებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე გერმანიის უნივერსიტეტში ჩააბარებს. ჯერ ორი სემესტრი საქართველოში უნდა ისწავლოს, ან გერმანიაში 1 წელიწადი ისწავლოს სასწავლო კოლეჯში, რომ მოემზადოს წარმატებული სწავლისთვის გერმანიაში. ამის შემდეგ, გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას საშუალება აქვს. თუმცა, შედეგის მიღწევა საქართველოშიც შეიძლება. საქართველოში ბევრი გერმანული საწარმო და ფირმა მუშაობს, რომლებიც ენის საფუძვლიანად ცოდნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სწავლების პროცესში მოსწავლეების გერმანიაში გამგზავრებაც მოიაზრება? 

ჯერჯერობით არა, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი რამ მზადდება. ჩვენ ვატარებთ კონკურსებს მე-11 კლასში და ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ PAD-ს (პედაგოგიური გაცვლითი სამსახური) სტიპენდიით ზაფხულში, გერმანიათი ერთი თვით გაემგზავრონ. ინტერნაციონალური ჯგუფების (ამ ჯგუფებში სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები არიან) წევრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გერმანიას გაეცნონ. ზოგიერთ ჩვენს სკოლას გერმანიაში პარტნიორი სკოლა ჰყავს. ამ ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანია, სკოლებში მაღალი ხარისხის გერმანული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ამიტომ, ქართველ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში ვაგზავნით, ასევე, ინტენსიური გადამზადება საქართველოშიც მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაკვეთილები, ჩვენს მიერ შერჩეულმა პედაგოგებმა ჩაატარონ, რომლებიც ტესტირების შედეგად შეირჩნენ. გერმანელი მასწავლებლებიც ჩამოდიან. ასევე, მოხალისე ახალგაზრდა გერმანელები, რომლებიც მასწავლებლები არ არიან. 

პროექტში რეგიონების სკოლები რატომ არ არიან ჩართულები? 

ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩვენს თავსაც ვეკითხებით ხოლმე. რა თქმა უნდა, ბევრი სკოლები შევამოწმეთ, მთიან რეგიონებშიც ვიყავით. გვაინტერესებდა, პროექტოსთვის შესაფერისი სკოლები. ხშირად, გერმანული ენის მასწავლებლები ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნილ დონეს ან მოსწავლეების მცირე რაოდენობა იყო.

და ბოლო, პროექტი როდემდე გაგრძელდება? 

ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში დავადგინეთ, რომ ამიერკავკასიაში ქართველები ენობრივი ნიჭით დაჯილდოვებულები არიან. ისეთი მაღალი დონე, როგორიც საქართველოშია, კავკასიის რეგიონში არ არის. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაბამისი, განათლების სამინისტრო მომავალშიც დაგვიჭერს მხარს, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

სალომე არის© გოგოხია


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X