გერმანულ-ფრანგული ენების კათედრის კვირეული

24 თებერვალი 2016 წელი

 გერმანულ-ფრანგული ენების კათედრის კვირეული

სკოლა „ევრო-2000“ –ში გაიმართა გერმანულ-ფრანგული ენების კათედრის კვირეული. მასში მონაწილეობას იღებდა გერმანულ-ფრანგული ენების კათედრის ყველა მასწავლებელი, მათ შორის  გერმანელი მასწავლებელი მარტინ ფლუხი და   მოხალისე გერმანელი პრაქტიკანტი ანნა უშნერი.

გარდა ღია გაკვეთილებისა, რომლებიც კვირეულის ფარგლებში  გერმანული და ფრანგული ენის მასწავლებლებმა სხვადასხვა კლასში ჩაატარეს, კვირეულში განხორციელდა ასევე ბევრი სხვა აქტივობა. ესენია: მე-8  A კლასში ჩატარებული აქტივობა „აღმოაჩინე შენი ქალაქი“, მე-5 და მე-6 კლასებში ჩატარებული კითხვის კონკურსი, მე-7 კლასში ჩატარებული აქტივობა: „ჩემი ქალაქი“, მე-5 კლასებში ჩატარებული ვიქტორინა-შეჯიბრი გერმანულ ენაში, მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული ორი საკონსულტაციო შეხვედრა და კვირეულის დახურვის ღონისძიება. თითოეული მათგანი მასწავლებლების   პროფესიონალიზმით და მოსწავლეთა აქტიურობით, მოტივაციით, ცოდნის მაღალი დონით ხასიათდებოდა.

კვირეული მოსწავლეთა მიერ მომზადებული პლაკატების გამოფენა-შეფასებით გაიხსნა. მოსწავლეები მათ მიერ დამზადებულ პლაკატებთან იდგნენ და პლაკატის ირგვლივ დაინტერესებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებს პასუხობდნენ. პლაკატებზე წარმოდგენილი იყო გერმანიის და საფრანგეთის ძლიერი და მათთვის მკვეთრად დამახასიათებელი მხარეები. პლაკატები შეფასდა მათი ინფორმაციულობის, კრეატიულობის, აქტუალურობის თვალსაზრისით. ჟღერდა კლასიკური გერმანული და ფრანგული მუსიკა, ხოლო მონიტორზე მნახველებს შეეძლოთ ეხილათ ფოტოები, რომლებიც კათედრის ბოლო წლების მანძილზე მიღწეული წარმატებებს ასახავდნენ.

კვირეულის ფარგლებში მე-8 A კლასში განხორციელდა აქტივობა: „აღმოაჩინე შენი ქალაქი“. მოსწავლეებმა ჯგუფებში მიიღეს დავალებები, რომელთა შესასრულებლადაც უნდა გასულიყვნენ ქალაქში, მოეძებნათ ცალკეული ადგილები, გადაეღოთ ფოტოები და დაეცვათ დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო. მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს აღნიშნული დავალებები, გადაიღეს ფოტოები, რომელთა პრეზენტაციაც განხორციელდა შემდგომ საკლასო ოთახში. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. ამ აქტივობამ მოსწავლეთა დიდი   ინტერესი გამოიწვია. მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება, საკუთარი ქალაქის სხვა თვალით შეცნობა.    

9 თებერვალს   ჩატარდა ვიქტორინა-შეჯიბრი მე-5 კლასების მოსწავლეთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდა ოთხივე მე-5 კლასის მოსწავლეები. შედგა შერეული ჯგუფები, რაც მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოებასაც უწყობს ხელს.  ვიქტორინის მეშვეობით მოხდა  მოსწავლეთა მიერ გერმანულ ენაში შესწავლილი მასალის ცოდნის შემოწმება, ამავე დროს მათი ცოდნის გააქტიურება და რაც მთავარია, მოტივაციის გაზრდა.  ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მე-5 კლასის გერმანული ენის მასწავლებლები. გარდა ამისა, ღონისძიების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა ობიექტური ჟიური გერმანული ენის სხვა მასწავლებლების სახით, რომელიც მოსწავლეთა პასუხებს აფიქსირებდა.

ასევე მე-5 და მე-6 კლასებში ჩატარდა კითხვის კონკურსი, რომელიც გულისხმობდა სწორი ინტონაციით, მახვილებით და მხატვრულად კითხვას. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები ორივე კლასიდან, რომლებიც გაზაფხულზე დედაქალაქში გამართულ იმავე სახელწოდების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მე-5 დ კლასში, სადაც პედაგოგებმა გააერთიანეს რუსული და გერმანული ენები და წარმოადგინეს ზღაპრული სცენები ორივე ენაზე, მოახდინეს მათი შედარება. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეთა მსახიობური ნიჭით და შესრულებით.

კვირეულის ფარგლებში მე-7 კლასის A  ჯგუფის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილების და ძეგლების შესახებ.  

 ძალზე საინტერესო იყო გერმანული ენის მასწავლებლების მიერ ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები. ერთი მათგანი ეკუთვნოდა ირმა დავითაძეს და გულისხმობდა გერმანიაში სტაჟირების დროს მიღებული გამოცდილების და ინტერნეტ მასალების გაზიარებას. ხოლო მეორე შეხვედრაში ირმა დავითაძემ, მაია დუმბაძემ და ნათია ხაბეიშვილმა წარმოადგინეს კოოპერატიული სწავლების ძირითადი პრინციპები. შეხვედრები წარიმართა ქართულ ენაზე და ამგვარად იგი საინტერესო იყო სხვა ენების და დაწყებითი სწავლების მასწავლებელთათვის. შეხვედრა  ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც მსმენელი, ისე ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის.

კვირეულის ფარგლებში სკოლას სტუმრობდა გერმანელი სტუმარი კრისტიანე უშნერი, რომელმაც მე-5 და მე-6 კლასის დაინტერესებული მოსწავლეები თექაზე მუშაობის ხელოვნებას აზიარა და სხვადასხვა ნივთების დამზადება შეასწავლა. მოსწავლეებმა და სტუმარმა შუამავლის გარეშე გაუგეს ერთმანეთს, რაც ამ ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია. მოსწავლეთა ნამუშევრები კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე გამოიფინა.

კვირეული დახურვის ღონისძიება გაიმართა 12 თებერვალს. ღონისძიება დაეფუძნა ლირიკულ თარგმანებს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცნობილი გერმანული და ფრანგული ლექსების თარგმანები ქართულ ენაზე და პირიქით, გაჟღერდა ცნობილი გერმანული, ფრანგული  და ქართული სიმღერები სამივე ენაზე შესრულებით.

დასასრულს, სკოლის დირექციამ და გერმანულ-ფრანგული ენების კათედრამ  კვირეულის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა, მიულოცა მათ ეს წარმატება და შემდგომი წარმატებები უსურვა.

გერმანულ-ფრანგული ენების კვირეული საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

გერმანულ-ფრანგული ენების  კათედრის ხელმძღვანელი       ნ.ხაბეიშვილი


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X