სკოლის ისტორია
სკოლა ევრო-2000 შეიქმნა 1999 წელს შ.პ.ს. “ევრო-2000”-ის ბაზაზე, მისი დამფუძნებლები არიან პროფესორები–როლანდ კომახიძე და ანზორ აბუსერიძე.
სკოლა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ უბანში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, აქვს საკუთარი ცხრასართულიანი კეთილმოწყობილი შენობა, ლაბორატორიებით, საგნობრივი კაბინეტებით, სააქტო დარბაზითა და სპორტული მოედნით.
სკოლამ ორჯერ, 2011 წლის 6 ოქტომბერს და 2016 წლის 4 ოქტომბერს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. გადაწყ. N 326 და N 120 ა
სკოლაში ორენოვანი სწავლებაა, სადაც 115 მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი მოღვაწეობს (მათ შორის 80 უფროსი 12 წამყვანი) და ცოდნას ათასზე მეტი მოსწავლე ეუფლება. სწავლება სამ საფეხურიანია, რომლის მიზანია ევროპული განათლების სისტემასთან ინტეგრირება, ამიტომ პირველი კლასიდან მიმდინარეობს უცხოური (ინგლისური, მეორე კლასიდან გერმანული,) ენების გაღრმავებული სწავლება, ამავე დროს სკოლა უდიდეს ყურადღებას აქცევს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის გუნდი აჭარის რესპუბლიკური ოლიმპიადების სხვადასხვა წლების პრიზიორი და გამარჯვებულია.
სკოლაში სისტემატიურად ინერგება ევროპული სკოლების გამოცდილება, დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში მოქმედი სასკოლო განათლების ცენტრალური უწყება (ZFA), გოეთეს ინსტიტუტი (GI), პედაგოგიური გაცვლის სამსახური (PAD) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).
2009 წლიდან სკოლა ევრო-2000 არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ უცხოეთში სასკოლო განათლების ცენტრალური უწყების ZFA-ს ერთ-ერთი პარტნიორი სკოლა.
2010 წლის დეკემბერში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრთა საბჭოში სკოლისთვის გერმანული ენის დიპლომის უფლების მინიჭების თაობაზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე სკოლა ევრო-2000 უფლებამოსილია 2011-2012 სასწავლო წლიდან (P 2012) ჩაატაროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრთა საბჭოს (KMK) მეორე საფეხურის, ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ენის ცოდნის მე-5, B2/C1 დონის, გერმანული ენის დიპლომის (DSD2) გამოცდები. ეს ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელონ ევროპის უმაღლეს სასწავლებელში გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.
ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვა სტიპენდიით მრავალჯერ იმყოფებოდნენ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. სკოლას უკვე მერამდენე წელია ზედიზედ ყავს ფლექსის პროგრამის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც ერთი წლით ამერიკულ სკოლებში სწავლობენ. სკოლის რამდენიმე მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ერთი წლით სწავლობდა გერმანიაში, კოტბუსის გიმნაზიაში, ყოველწლირად მოსწავლეები მონაწილეობენ გერმანიის ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის გიმნაზიის მოსწავლეებთან გაცვლით პროგრამაში. დღემდე ათზე მეტმა მოსწავლემ მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და სხვადასხვა ფონდის სტიპენდიები.
ევრო-2000-ში მოქმედებს შემოქმედებითი წრეები ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სხვა. სკოლა სამართლიანად ამაყობს რესპუბლიკური და საერთაშორისო სპორტული მიღწევებით.
სკოლის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების მაღალი დონე დასტურდება ეროვნულ გამოცდებში; სხვადასხვა წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიერ მიღწეული შედეგები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებული სწავლის შედეგები, სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების (სერთიფიცირებული პედაგოგების სიმრავლე) შედეგები გვაძლევს საფუძველი ვთქვათ, რომ ბათუმში სკოლა ევრო-2000 ერთ-ერთი საინტერესო და კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის დევიზია: ისწავლე ხალისით- გზა ევროპისაკენ.